მოსამართლე ითხოვს, დაზუსტდეს მუხლი, რომლითაც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი

მოსამართლე ნინო სანდოძე ითხოვს, დაზუსტდეს მუხლი, რომლითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ორი მუხლით, საიდანაც ერთი 2005 წლის რედაქციაში არ არსებობს. სანდოძემ აღნიშნა, რომ ბრალის დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. პროკურატურის განმარტებით, ძველი, 2005 წლის 15 ივლისის კოდექსის რედაქციით აქვს წარდგენილი ბრალი მიხეილ სააკაშვილს. მოსამართლის განცხადებით კი, კოდექსის ძველ რედაქციაში 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ქვეპუნქტი არ არსებობს. პროკურორებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე წუთი მიეცათ. შესვენების გამოცხადების შემდეგ კი მათ სხდომის გადადება მოითხოვეს და თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვეს. ნინო სანდოძის განმარტებით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება კოდექსის ახალი რედაქციით არის განსაზღვრული 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო აღნიშნული ბრალდება 2005 წლის რედაქციაში განმარტებულია 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „C“ ქვეპუნქტით.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მოსამართლემ მსგავსი განმარტება არ უნდა გააკეთოს, რადგან დაცვის მხარეს აღნიშნული უზუსტობა აძლევს ხელს, გარკვეული შუამდგომლობები დააყენოს. ჩივიაშვილის თქმით, მოსამართლეს უნდა აღენიშნა, რომ მუხლი, რომლითაც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, კოდექსის ძველი რედაქციით არ არსებობს. მოსამართლემ დაცვის მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ, აღნიშნული საკითხის განხილვა დაასრულა. პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სხდომაზე ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განიხილავენ, რომელიც საიდუმლო მასალებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები