შსს-მ თაღლითობისთვის „ჯინო თრეველის“ დირექტორი ნინო ს. დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით, ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო ს. დააკავეს.
ამის შესახებ შს სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ს ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ (ე.წ. გრინ-ქარდის) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ დირექტორს ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა ,,გრინ-ქარდის“ აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“,-აცხადებენ უწყებაში. გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები