საქალაქო სასამართლოში გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქმის განხილვა გაგრძელდება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდზე იმსჯელებენ.
დაცვისა და ბრალდების მხარეები დღესვე მოწმეებს დაასახელებენ. ბრალდების მოწმეთა შორის არიან ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობასაც დააყენებს, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტას გულისხმობს.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, საქმეში არ არსებობს სააკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულები.
„ბრალდების ძირითად მოწმეებს წარმოადგენენ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი და მათი ჩვენებებიც არის მთლიანად ირიბი. ბურჯანაძე საუბრობს, რომ სინანულს არ გამოხატავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით, ხოლო ოქრუაშვილი ჭორაობს რაღაც გაუგონარ რამეს და ამავდროულად ამატებს, რომ ის ცუდი ბიჭია და, ზოგადად, ცუდი ბიჭები ერთმანეთს სხვანაირად უსწორდებიან“, – აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის გასული წლის ნოემბერში დაუმძიმდა.