გავიდა თუ არა გამოძიება იური ვაზაგაშვილი მკვლელობის დამკვეთის კვლზე – რას აცხადებს ირაკლი შოთაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, არსებობს ბევრი ვერსია,რომელთა დამუშვებაც მიმდინარეობს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, გავიდა თუ არა გამოძიება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის კვლაზე.
„ამ საქმეში კვალზე დიდი ხანია რაც გასულები ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მკვლელობის უშუალო აღმსრულებელი ანუ ის პიროვნება, რომელმაც საფლავზე დაამონტაჟა ხელყუმბარა დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, გამოძიება საკმაოდ წინ არის წასული და შედეგიანია. არსებობს ბევრი ვერსია, თუმცა გამოძიება გრძელდება, არაერთი ვერსიის დამუშავება ხდება და ინტენსიურად გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, რაც წინასწარი გამოძიების ფარგლებში უკვე დაგეგმილია და არსებობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გეგმა.
ამ ეტაპზე მე მაინც შევიკავებ თავს დეტალებზე საუბრისაგან. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საქმეზე შეკრებილია საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გია სოსანაშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც დაამონტაჟა ხელყუმბარა ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, რისი აფეთქების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა“, -განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, საქმის დანარჩენი დეტალების შესახებ გამოძიება საზოგადოებას საქმის კურსში აუცილებლად ჩააყენებს.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდა.შესაბამისი განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
“საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან.
ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალბულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები. გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით. ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.