“სოლიდარობის ფონდში” შენატანების მხრივ საჯარო უწყებებს შორის შს სამინისტრო ლიდერობს
“სოლიდარობის ფონდში” შენატანების მხრივ საჯარო უწყებებს შორის შს სამინისტრო ლიდერობს, ხოლო კერძო კომპანიებში თურქული კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია”, – ამის შესახებ “სოლიდარობის ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა, “სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა განაცხადა. პრემიერი დაინტერესდა, ვინ იყო ყველაზე მსხვილი დონორი. როგორც ჯაშმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებებიდან შს სამინისტრო ლიდერობს, დაახლოებით 8 ათასი თანამშრომელია ჩართული ფონდში და ყოველთვიურად 30 000-ზე მეტის მობილიზება ხდება. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ასევე ლიდერია თავდაცვის სამინისტრი, პროკურატურა, მთავრობის ადმინისტრაცია; მუნიციპალიტეტებიდან თბილისის მერია და საკრებულო.
“საერთო ჯამში საჯარო მოხელეების 15% არის ჩართული, თუმცა ჩვენ კიდევ მოვითხოვეთ განახლებული ინფორმაცია და მაისის ბოლოსთვის გვეცოდინება განახლებული მონაცემები”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
რაც შეეხება კერძო სექტორიდან ყველაზე მსხვილ დონორს, ერთჯერადი დონაციების მიხედვით თურქული კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” ლიდერობს. ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ გასული წლის სექტემბერში ნახევარი მილიონის დონაცია მოახდინა. “სწორედ მისმა დონაციამ მოგვცა საშუალება გაგვეფართოვებინა პროგრამა 18-დან 22 წლამდე. ჩვენ ზუსტად ერთი კვირის წინ გვქონდა ვიზიტი ბათუმში და თქვენი მადლობის წერილი გადავეცით ხელმძღვანელს”, – უპასუხა მარიამ ჯაშმა პრემიერს. მისი თქმით, თურქული კომპანიის ხელმძღვანელი აპირებს ყოველი ინვესტიციის განხორციელების წინ შესწიროს საქველმოქმედო ინიციატივებს გარკვეული თანხა.