“15 ნოემბერს სოხუმში ისევ, ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს”- ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15 ნოემბერს სოხუმში ისევ, “ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება”. მისი თქმით, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს.
როგორც გამახარიამ აღნიშნა, ყველა შეთანხმება, ყველა კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იღებს , ანექსიისკენაა მიმართული.
“აფხაზეთში ვითარება ძალიან გამწვავებულია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მწვავდება. ბოლო პრესკონფერენციაზე ჩვენ ვსაუბრობდით ე.წ. შეთანხმების პროექტის შესახებ, რომელსაც ჰქვია “რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების შესახებ.” აფხაზეთში არსებული დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერმა შეთანხმებამ, რომელიც სხვა ქვეყანასთან იდება, ხელმოწერამდე დე ფაქტო პარლამენტში ექსპერტიზა უნდა გაიაროს, წინა ბრიფინგზე ამაზე ვსაუბრობდით. საინტერესოა, მოვლენები მერე როგორ განვითარდა: ე.წ. შეთანხმების პროექტმა დე ფაქტო პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაგრამ მას ხელი მოსკოვში, 30 ოქტომბერს მაინც მოეწერა. ხელმოწერის შემდეგ მას რატიფიკაცია სჭირდება და ისევ დე ფაქტო პარლამენტში უნდა დაბრუნდეს. იყო ძალიან დიდი შიში, რომ რატიფიკაცია ვერ /არ მოხდებოდა. შტაბიც შეიქმნა, რათა წინააღმდეგობის ორგანიზებით რატიფიკაციისთვის ხელი შეეშალათ, ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 5 ნოემბერს კრება მოიწვიეს და ამისთვის კარგად მოემზადნენ. დე ფაქტო ხელისუფლებამ ასეთი სვლა გააკეთა ( ეს ე.წ. ოპოზიციისთვისაც მოულოდნელი იყო): გუშინწინ ე.წ. კონსტიტუციური კანონი მიიღეს, რომელმაც მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობა შემოიღო. ეს ე.წ. კანონიც მათი რეგლამენტის დარღვევით მიიღეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იქ რამდენიმე მოსმენა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ე.წ. კანონი სულ რაღაც 1-2 საათის განმავლობაში მიიღეს და გამოაცხადეს “აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ”. დე ფაქტო ხელისუფლება ამით, ფაქტობრივად, შეეცადა, აპარტამენტების შესახებ გაწვეული ე.წ. კანონი ჩაენაცვლებინა. აქ წერია, რომ ეს აპარტამენტი არაა, მაგრამ რომ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს მრავალფუნქციური კომპლექსები, რომლის აშენება დაშვებულია აფხაზეთში, ინვესტიციების მისკენ მიმართვა, ფაქტობრივად, აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონის ჩანაცვლებაა. ძალიან ეშინიათ, ის ე.წ. კანონი [აპარტამენტების შესახებ] რომ მოაბრუნონ, ის მიღებული მაინც არ იქნება. ამიტომ, გამოსავალი, შემოვლითი გზა იპოვეს, მიიღეს ეს ე.წ. კონსტიტუციური კანონი. სწორედ ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა. ამ ე.წ. კანონს როცა იღებდნენ, იქ ხალხი იყო შეკრებილი, შემდეგ ეს ადამიანები გუდაუთაში გაემგზავრნენ და იქიდან მობრუნებულები დააკავეს.
15 ნოემბრისთვის რატიფიკაციაა [რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმების] დაგეგმილი, მთელი მზადება ახლა აქეთკენაა მიმართული. დაპატიმრებულები გუშინ საღამოს გამოუშვეს, ხიდები გახსნილია, მაგრამ დიდი მუშაობა მიდის, რომ 15 ნოემბერს სოხუმში ისევ, ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს.
აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონპროექტს, რომელიც გაწვეულია, თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ აპარტამენტები მრავალფუნქციური კომპლექსია. აქ [ახალ ე.წ. კანონში] წერია, რომ ეს აპარტამენტი არაა, მაგრამ მრავალფუნქციური კომპლექსია. სახელი რომ გადაგარქვან, ხომ იგივე იქნებით? ეს არ გაატარა აფხაზურმა საზოგადოებამ, დე ფაქტო ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და აქტიურად დაუპირისპირდა. თან აქ საფრთხე კიდევ რაშია: იქ 10 000 აპარტამენტზე იყო საუბარი. აქ კი რაოდენობა განსაზღვრული არაა, შეიძლება უსასრულოდ, ათეულ ათასობით ასეთი კომპლექსი აშენდეს, რომელიც რუსეთის საკუთრებაში გადავა. ცხადია, რომ ასეთი კომპლექსები ზღვის სანაპიროზე შენდება, რუსეთს ამ ეტაპზე აინტერესებს, ეს სანაპირო აითვისოს, თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს და მისი საკუთრება გახადოს.
როგორ განვითარდება მოვლენები? ე.წ. კანონის [აპარტამენტების შესახებ] გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე უფრო დიდი უკმაყოფილება ახლაა. ზეგ, 15 ნოემბერს ძალიან დიდ შეტაკებას, ძალიან დიდ წინააღმდეგობას ველოდები. ვერ ვიტყვი, იქნება მიღებული, თუ არა, ამის თქმა ძალიან ძნელია. ამის მიღების შემთხვევაში განხორციელება სჭირდება. განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. წინ დე ფაქტო არჩევნებია. ე.წ. ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, რომ დაელოდოს ე.წ. არჩევნებს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გამოვიდეს (ანუ ე.წ. კანონი ინვესტიციების შესახებ, ე.წ. საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტების თემა), თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერას მიიღებს, მაშინ წინააღმდეგობა შეწყდება. თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, ბჟანია მინიმუმ ე.წ. ხელისუფლებას დაკარგავს, თუ ახლა არა, გაზაფხულზე მაინც. წინასაარჩევნო ფონი ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ რეალურად ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ყველა შეთანხმება, ყველა კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იღებს, ანექსიისკენაა მიმართული. ამას აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება” – განაცხადა გამახარიამ.
ჯემალ გამახარია ოკუპირებულ რეგიონში განვითარებული პროცესების შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა.
” რია ნოვოსტის” გავრცელებული ინფორმაციაა, ასეთი სათაურია: ” აფხაზური ოპოზიცია ემზადება, რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნოს”. ეს მუქარითაა ნათქვამი, რომ თქვენთვის ამდენს ვაკეთებთ, ჩვენ გადაგარჩინეთ, გაჭმევთ, გასმევთ, ქართველებს თქვენი განადგურება უნდოდათ და ჩვენ დაგიცავით, ახლა ამას თუ არ დაეთანხმებით, აი რა გელოდებათო.
ყველგან ნახავთ, რომ, თითქოს, ეს ყველაფერი დასავლეთის მიერაა ორგანიზებული. აქ იმდენ მუქარებს ნახავთ. აფხაზები წინააღმდეგები არიან ათეული, ასეული მილიარდობით რუბლი ინვესტიცია შევიდეს. ისინი ინვესტიციების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ეს ინვესტიციები შემოდის. აქ მუქარებია, რუსეთს, ხელისუფლებას მოუწოდებენ, აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ რაღაც ზომები მიიღოს და ეს ყველაფერი ჩააცხროს. სტრიქონებს შორის, აფხაზური საზოგადოების მიმართ ძალიან გარკვევითაც იკითხება ღია მუქარები, რომ წინააღმდეგობა ჩახშობილი იქნება რუსეთის ხელისუფლების მიერ, თუ ასე გაგრძელდება” – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, აფხაზური ე.წ. ოპოზიცია პროქართული არაა.
“ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დონეზე, ხელისუფლების მხრიდან გაცხადება იმისა, რომ ის მზადაა, აფხაზურ ე.წ. ოპოზიციასთან მოლაპარაკება დაიწყოს, ძალინ დიდი შეცდომა იქნება. ჯერ ერთი აფხაზური ე.წ. ოპოზიცია პროქართული სულაც არაა, ჩვენთან დიალოგისთვის მზად არაა . პირიქით, იმისაც კი აცხადებენ, რომ თუ ინვესტიციები შემოვიდა, რუსეთის მოქალაქე ქართველები ინვესტიციებს შემოიტანენ , კომპლექსებს ააშენებენ და ამით ახალ სტატუსში დაგვიბრუნდებიანო. მეორე – ე.წ. ოპოზიცია ძალიან მარტივად და იოლად იქნება დადანაშაულებული იმაში, რომ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძვის. დე ფაქტო ხელისუფლება ამბობს, ჩვენ გვინდა, ამით ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა განვამტკიცოთო, ე.წ. ოპოზიცია პირიქით ეუბნება, ამით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საერთოდ ვკარგავთო. ასე რომ, ამ განცხადების შემთხვევაში ეს წყალს დე ფაქტო ხელისუფლების და ოკუპანტების წისქვილზე დაასხამს. მაგრამ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან მუშაობა ამ მიმართულებით გუშინაც იყო, დღესაც არის, ხვალაც იქნება. აფხაზური საზოგადოება კარგად ხვდება, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის გარანტი არ არის, რუსეთმა იმიტომ დაუჭირა მხარი აფხაზ სეპარატისტებს, რომ აფხაზეთი საქართველოსგან გამოყოფილიყო და შემდეგ ეს გამოყოფილი ტერიტორია თავად აეთვისებინა”- განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ე.წ. ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე შეწყვიტა.
შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოეხმაურა აფხაზეთის აქტიური მოქალაქეების დაკავების აღმაშფოთებელ ინციდენტს, რომლებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი აზრი.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ასეთი წარუმატებლობა ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, არ უნახავს. პატრიოტები დააკავეს ტერორისტებად თითქმის ერთი დღე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ისინი უმიზეზოდ დააკავეს”,- განაცხადა არძინბამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი 11 ნოემბერს, საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონი მიიღო.