იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება. პროკურატურის ცნობით, გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას,
„2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან. ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალბულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები. გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით.
ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები