პროკურორი გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს
პროკურორი გიგა ძნელაძე გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. როგორც “კვირას“ “თბილსერვისჯგუფისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა განუცხადა, დაცვის მხარემ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების სტრატეგია აირჩია.
გიგა ძნელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიაში რამდენიმე ასეული მოწმე მიუთითა, ყველა პროცესზე განზრახ მოჰყავთ ერთი მოწმე, რომ პროცესები დროში გაიწელოს. პროკურორი ვარაუდობს, რომ მომავალ პროცესზეც, რომელიც 28 აპრილს არის ჩანიშნული, ადვოკატები დასაკითხად ერთ მოწმეს წარმოადგენენ.
“როგორც ცნობილია, ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა, მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევა. დაცვის მხარეს არჩეული აქვს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების სტრატეგია, ჩვენ მათი მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ, თვითონ კი, სადავოდ ხდიან. დაცვის მხარემ გაჭიანურების ტაქტიკა აირჩია, განვმარტავ, რომ მაშინ, როდესაც სასამართლო წინასწარ განგვისაზღვრავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საკმაო მოცულობის მტკიცებულების გამოკვლევა მოხდეს პროცესზე, დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში რამდენიმე ასეული მოწმე ჰყავს მითითებული, ყველა პროცესზე კი მოჰყავთ ერთი მოწმე. აშკარაა, რომ ეს მათი მხრიდან წარმოადგენს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობას. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება 28 აპრილს გასამართ პროცესზე, და ადვოკატები აღნიშნულ პროცესზეც დასაკითხად ერთ მოწმეს წარმოადგენენ, როგორც ეს დღეს მოხდა“, – განუცხადა “კვირას“ პროკურორმა გიგა ძნელაძემ.