გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სხვა ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 აპრილს განახლდება
7 ნოემბრისა და ტელეიმედის საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სხვა ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 აპრილს, 11:00 საათზე განახლდება. პროცესის გადადების მიზეზი პროკურატურის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ, სხდომაზე გამოცხადა ის პროკურორი, რომელსაც გამოძიების ეტაპზე საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც მან განაცხადა, საქმეს არ იცნობს. შესაბამისად, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ითხოვა სხდომის 10 დღით გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
როგორც პროცესის გადადების შემდეგ უგულავასა და მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, დაცვის მხარისთვის სხდომის გადადება მოსალოდნელი იყო. მან გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის პოზიცია განმარტა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარს ამბობენ სასამართლოში სამართლებრივ ნაწილში მონაწილეობაზე.