გიგი უგულავა: სასამართლო დარბაზი ჩემთვის პრესკონფერენციების ოთახია

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ბრალდებულის ვინაობის დადგენის მიზნით მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. მისი თქმით, დარბაზი მისთვის პრესკონფერენციების ოთახია და იქ მხოლოდ იმ მოტივით მიდის, რომ გააკეთოს განცხადებები, მოინახულოს ოჯახის წევრები და მეგობრები.
“არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე. ჩემი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გავიდა 2 აპრილს, ჯემალა კოპალიანის მეოხებით კი, კვლავ პატიმრობაში ვრჩები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მან პროკურორები ჩინელ ტურისტებს შეადარა. “ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის ხოლმე პროცესზე, ახლა მოვიდა ერთი, რადგან უნდათ, რომ პროცესი გადაიდოს. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს ყველამ თქვა. სასამართლო კი სირაქლემას პოზიციაშია. ამის შემდეგ ნუ ითხოვთ პატივისცემას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს მისი წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის შესახებ. უგულავას განცხადებით, მას იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს. „საერთო სასამართლოები კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავს, მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი, ჭილობი იქნება თუ ტილო, ესე თქვენზეა დამოკიდებული. პატივისცემა უნდა დაიმსახუროს შინაარსმა და არა ჭინჭმა. ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც ახლობლები მომენატრებიან, მაშინ მოვალ. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება, უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით”, – მიმართა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს გიგი უგულავამ. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა 7 ნოემბრის საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა.
პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ უგულავამ და მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, სხდომა დატოვეს დარბაზში დამსწრეებმაც. პროცესი მხოლოდ მხარეების მონაწილეობით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები