ვანო მერაბიშვილი: სასამართლოში მოვდივარ მხოლოდ მეგობრების სანახავად
ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული ვანო მერაბიშვილი სასამართლოს არ ცნობს და მოსამართლეს მიმართავს, მას ნუ დაეკონტაქტება. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც ბრალდებულმა პროცესზე აღნიშნა, იგი სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეგობრების სანახავად მიდის. ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ვინაობის დადგენაშიც მონაწილეობა არ მიიღო.
“სასამართლოში მოვდივარ მხოლოდ მეგობრების სანახავად. ხშირად იმიტომ არ მოვდივარ, რომ ისინი არ შეწუხდნენ, ამასთან, დიდი ხანია მივხვდი, რომ სასამართლოში სიმართლის ძებნა შეუძლებელია. დამამცირებელია ამ სასაცილო ადგილას ჩემი ახლობლების სიარული”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამნისტიას “პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში”.
“ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამნისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემ მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
განცხადების გაკეთების შემდეგ მან სასამართლო პროცესი გიგი უგულავასთან ერთად დატოვა.