საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა იწყება
7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენენ. ასევე, შესაძლოა, დაცვის მხარემ გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დააყენოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ადვოკატი ბექა ბასილაია კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. „აქცენტირება და პედალირება არის იმაზე, რომ მართვადი მოსამართლე შეირჩეს, რასაც ალბათ, ამ დრომდე ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას აქვთ წაყენებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ცალკე წარმოებად გამოყო და პროცესი 21 აპრილს უნდა გაიმართოს. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.