მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა IDFI-ს პასუხობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომელიც 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას მოიცავს, მთავარი პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება. “კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზო:

“ა/წლის 30 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებული იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორის გიორგი კლდიაშვილის 2015 წლის 26 მარტით დათარიღებული განცხადება საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილი განცხადებით სხვა ინფორმაციასთან ერთად ორგანიზაციამ მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2010-2015 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილი და დაკმაყოფილებული ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების თაობაზე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა ის სტატისტიკური მონაცემები, რაც გამოთხოვილი იქნა დასახელებული ორგანიზაციის მიერ. მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დაასკვნა, რომ„…საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. (…) აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება საკონსულტაციო მომსახურებასა თუ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მომსახურებაზე, როგორც ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები ცხადყოფს, საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებები ნაკლებად შეინიშნება”. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ხსენებული სტატისტიკური ანალიზი შედგენილია იმ პირის/პირთა მიერ, რომელთათვისაც სრულიად უცხოა საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებანი და ორგანიზაციამ თანამშრომლობის წარუმატებლობის მთავარ ინდიკატორად გამოიყენა ის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ დადებითად გადაწყვეტილი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების რაოდენობას. ამასთან, სამწუხაროდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს ზემოთ მითითებული დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით, რაც უფრო რელევანტურად ასახავდა თანამშრომლობის წარმატებულობას თუ წარუმატებლობას. გარდა აღნიშნულისა, მითითებული ორგანიზაცია დასკვნის გაკეთების დროს ასევე არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარის მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქვეყნებს 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე მდგომარეობით საზღვარგარეთ გაგზავნილი ექსტრადიციების შესახებ შუამდგომლობების დეტალურ სტატისტიკას (იხ. თანდართული დოკუმენტი) და სურს საზოგადოებას განუმარტოს შემდეგი: ძებნილ პირთა მიმართ წარმოებული საექსტრადიციო პროცედურები დროში საკმაოდ გაწელილია და იგი შესაძლოა თვეობით და ხშირ შემთხვევაში, წლობითაც გაგრძელდეს ყოველი კონკრეტული საქმის თავისებურებიდან გამომდინარე. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული საექსტრადიციო პროცედურების ვადები და ასევე ის ფაქტი, რომ შესაძლოა ძებნილი პირი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იყოს მიცემული ან იხდიდეს სასჯელს იმავე სახელმწიფოში ჩადენილი დანაშაულის გამო. შესაბამისად, გარკვეული გამონაკლისების გარდა, გასული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილებული ექსტრადიციის შუამდგომლობათა რაოდენობა გაცილებით მაღალია ყოველ შემდგომ წელთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოო მაჩვენებელზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის შესახებ. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, 2010 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 21 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; 2011 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 12 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; 2012 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 9 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; 2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 8 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; 2014 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 6 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; 2015 წლის 16 აპრილის მდგომარეობით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესაბამის უცხო სახელმწიფოებში გაგზავნილი შუამდგომლობებიდან ქართულ მხარეს უარი ეთქვა 1 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძირითად შემთხვევებში საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შემდეგი გარემოებების გამო: ძებნილი პირი წარმოადგენდა თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეს; თხოვნის მიმღები ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული იმ ქმედების დასჯადობა, რომლის ჩადენის გამოც მოითხოვებოდა პირის ექსტრადიცია; თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომლის ჩადენის გამოც მოითხოვებოდა პირის ექსტრადიცია სანქციის სახით არ ითვალისწინებდა მინიმალურ ზღვარს, კერძოდ, სულ მცირე 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას; თხოვნის მიმღები ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ან განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. გვსურს განვმარტოთ, რომ ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის მითითებული საფუძვლები გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის შემთხვევაშიც საქართველო აგრეთვე უარს აცხადებს ძებნილი პირის ექსტრადიციაზე აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში შეფასებულ იქნა არაერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (მაგ.: გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის შემფასებელთა მისია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებზე ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის შემფასებელთა მისია, ევროკავშირის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელთა მისია). შეფასების შედეგად, მითითებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც არსებული კანონმდებლობის, ასევე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების (საქართველოს მთავარი პროკურატურის) მიერ მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები