დავით ნარმანია მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო. თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოფენაზე წარმოდგენილია სტენდები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის, მთაწმინიდის პარკის, ეროვნული მუზეუმისა და ოლიმპიური ქალაქის შესახებ. თბილისის მერი გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თბილისისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
„თბილისი წლევანდელ გამოფენაზე წარდგება საკუთარი კონცეფციით, რომელიც მრავალ სხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ე.წ. საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობას და შესაბამისი სივრცეების მოწყობას. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. თბილისს აქვს პოტენციალი, იქცეს საყოველთაოდ აღიარებულ ცენტრად მნიშვნელოვანი საერთაშორისო, საქმიანი შეხვედრებისთვის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. მაგალითისთვის მოვიყვან EBRD-ის კონფერენციას, რომელსაც მალე დედაქალაქი უმასპინძლებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება წინასწარ დაგეგმოს დასვენება სხვადასხვა მიმართულებით, მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია და ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ტურისტული პაკეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები