ვახტანგ გომელაური: მესაზღვრე, რომელმაც პანკისელი არასრულწლოვანი მოზარდები საზღვარზე გაატარა, დაისჯება

შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის მესაზღვრე, რომელმაც პანკისელი არასრულწლოვნები სახელმწიფო საზღვარზე გაატარა, დაისჯება. მისივე განმარტებით, გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნულ საკითხთზე მოკვლევა ჩაატარა.
“ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა. ადამიანს შეეშალა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გენინსპექციამ საკითხი მოიკვლია და ეს ადამიანი შესაბამისად დაისჯება. სამსახურიდან გათავისუფლდება თუ სასტიკი საყვედური გამოეცხადება, ეს არის გენინსპექციის გადასაწყვეტი. თუმცა, ვფიქრობ, შს სამინისტროს შიდა დებულების შესაბამისად, ის მიიღებს ადმინისტრაციულ სასჯელს “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია იმ მიმართულებითაც, თუ ვინ დგას პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადასვლის უკან და ვინ მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ ისინი “ისლამური სახელმწიფოსთვის” ბრძოლაში ჩაერთონ. “პანკისიდან ორი ახალგაზრდის სირიაში გადასვლის შემდეგ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუ სრულწლოვან ადამიანს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება სურს, საიდანაც შესაძლოა, სირიაში გადავიდეს, ძნელია ეს დაუშალო, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. რაც შეეხება, ზოგადად, პანკისიდან სირიაში გადასვლის პრობლემას, ეს არ არის ერთი და ორი წლის პრობლემა, ხეობაში ის მრავალი წელია არსებობს. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ შევძელით და არ გავუშვით ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ამაზე არავის არაფერი უთქვამს”, – განაცხადა გომელაურმა.
პანკისის ხეობიდან სირიაში არაერთი ახალგაზრდაა წასული. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან სირიაში საბრძოლველად კიდევ ორი მოზარდი წავიდა. მშობლების ინფორმაციით, 18 და 16 წლის მოზარდები სკოლაში წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები