შალვა აბულაძის ადვოკატი: ის უდანაშაულოა და ჩვენ ამას დავამტკიცებთ
ორ პოლიციელზე დაჭრისა და ერთი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული შალვა აბულაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. როგორც შალვა აბულაძის დამცველმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, შალვა აბულაძე არც ბორჯომში და არც თბილისში არ იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც პოლიციელებზე თავდასხმა განხორციელდა.
ადვოკატმა აბულაძისთვის დაკავების დროს აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღზე და ხელყუმბარაზე ისაუბრა. ადვოკატმა დაადასტურა, რომ შალვა აბულაძე დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ ფლობდა იარაღს, ჰქონდა ხელყუმბარაც, თუმცა იარაღი, რომლითაც პოლიციელების მიმართ გაისროლეს, ადვოკატის მტკიცებით, მას არ ჰქონია და ბრალდებულმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა მასთან, დაკავებისას, მეორე ბლოკის სისტემის იარაღი. რაც შეეხება იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა – ტარებას, არჩილ ჩუბინიძის თქმით, ისინი შალვა აბულაძეს თავდაცვისთვის სჭირდებოდა, რადგანაც მასზე ზეწოლას ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წარმომადგენლები ახდენდნენ.
„დაკავებისას ამოღებული მეორე იარაღი, რომლითაც პოლიციელთა მიმართ გასროლაა განხორციელებული, მას არ ჰქონია და არც ის იცის, დაკავებისას, როგორ აღმოჩნდა ეს ამოღებული. ამ ტიპის ბლოკის სისტემის იარაღებით პოლიციაა აღჭურვილი. რაც შეეხება მეორე იარაღს და ხელყუმბარას, ის ნამდვილად მისი იყო და თავის დაცვის მიზნით ფლობდა. ბორჯომში ჩატარებული ხმაურიანი აქციის შემდეგ ხაზარაძის წარმომადგენლებმა აბულაძის ჯერ მოსყიდვა სცადეს, შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ. მასზე ზეწოლას მამუკა ხაზარაძის ხელქვეითები და მისი აგენტები აწარმოებდნენ, მათ შორის ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი. ხაზარაძე ბორჯომის პოლიციასთან გარიგებაშია. რაც შეეხება დანაშაულს, გეტყვით, რომ ის ფიზიკურად არცერთი დანაშაულის დროს არც ბორჯომში და არც თბილისში არ იმყოფებოდა. შალვა აბულაძე მკვლელი არ არის და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია“,- განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.
ჩუბინიძის განცხადებით, შალვა აბულაძისთვის წარდგენილი ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და მას ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობა – ტარება წარედგინოს. ამ დროისთვის წარდგენილი ბრალი კი მისთვის 16-20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.