ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხორბლის იმპორტიორები დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ხორბლის იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 3 მოქალაქე – ბესიკ ჯიქია, მამუკა ჯანყარშვილი და ლევან მანჯავიძე. საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის იმპორტი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას, ასევე მათ მიერვე დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო – საფინანსო ოპერაციებს. საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 1 739 164 ლარის ზიანი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები