გიორგი ბადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სტივენ ნეფს შეხვდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩევლის სტივენ ნეფის მიღება გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილეები – ირაკლი შოთაძე, გიორგი გაბიტაშვილი და პროკურატურის სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ბადაშვილმა სტივენ ნეფს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
,,ჩვენი სისტემის, თანამშრომლებისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია ის როლი და მხარდაჭერა, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ თქვენ არა მხოლოდ ჩვენს საჭიროებებს ისმენდით, არამედ თავადაც იჩენდით ინიციატივას, გვთავაზობდით თქვენს წინადადებებს, იდეებს, რეკომენდაციებს. მართალია, თქვენი სამუშაო მისია საქართველოში დასრულდა, თუმცა იმედი გვაქვს ამით ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა არ დასრულებულა და მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
გიორგი ბადაშვილმა პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური მხარდაჭერისთვის სტივენ ნეფს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სტივენ ნეფი საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს და ის საქმიან მისიას მიმდინარე წლის აპრილში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობითა და სტივენ ნეფის უშუალო ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ტრენინგი და აქტივობა განხორციელდა. სტივენ ნეფი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პროკურორია, ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული პროკურატურის სისტემის განვითარების, პროკურორების და გამომძიებლების პროფესიული სტანდარტის ამაღლებაში. მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა სასწავლო აქტივობები: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების,  სამართლებრივი წერის, ფულის გათეთრების, მედიასთან ურთიერთობისა და სხვა მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები