ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაგრძელდება
ე.წ. კაბელების საქმეზე დღე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ წინასაამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. საქმეზე სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა, რომელიც სადავოდ დაცვის მხარემ სრულად ცნო. ბრალდების მხარემ ასევე სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, რაზეც დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია შემდეგომ პროცესზე უნდა დააყენოს. ასევე, 27 აპრილს გასამართ პროცესზე იგეგმება დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა სასამართლოს მიმართ.
ადვოკატები მომავალ პროცესზე გეგმავენ დააყენონ შუამდგომლობა, რომელიც დღეს ვერ მოესწრო. კერძოდ, საუბარია თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმაც. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონიერად აქვს მოპოვებული. მისი თქმით, პროკურატურას სასამართლოში 21 ტომი აქვს წარდგენილი, რომელიც მოიცავს ოფიციალურ დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მათ შორის იმ კომპანიების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხელმწიფო შესყიდვაში. პროკურორის თქმით, მოწმეები სასამართლოშიც დაიკითხებიან. ასევე, მისი თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები.
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აპრილს 11:00 საათზე განახლდება.