ეკა ბესელია: ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განმარტებით, ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ მას ბრალეულობა მოეხსნა და ის ბრალდებები, რომლებიც მას აქვს წარდგენილი, გაქარწყლებულია.
“ის, რომ ბატონი ადეიშვილი თავს არიდებს დღემდე გამოცხადებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, სასამართლო წესით თავისი უდანაშაულობის დადასტურებას, ეს მე მიღრმავებს და მიძლიერებს ეჭვებს, თავად სტატუსის მინიჭება და ძებნის პროცედურიდან ამოღება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილს ბრალეულობა მოეხსნა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, 2015 წლის 9 აპრილს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი მიიღო, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გაუქმდა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას გეგმავს. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედში” უკანონო შეჭრის საქმე, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები