პრემიერი: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მასკარადების დადგმა და უპასუხისმგებლო შოუების მოწყობა ანტისახელმწიფოებრივია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების მოწყობა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პანკისის მოვლენების საკითხზე გუშინ გასულ გადაცემა „არჩევანის“ თაობაზე განაცხადა.
პრემიერი ჟურნალისტებს მოუწოდებს, საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყვათ.
„მე გუშინ, “რუსთავი 2″-ზე ვიყურე რაღაც შოუს. ყველას მოგიწოდებთ – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების მოწყობა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მინდა, ეს ყველამ გაითვალისწინოს, ვინც ამას გეგმავს. ეს არის საკითხი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს და ამის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში”, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანკისში კონკრეტული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც სიტუაციას რევენ.
“უხუცესებთან მე მაქვს კარგი ურთიერთობა, რამდენჯერმე შევხვდი მათ. რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული კონკრეტული ჯგუფების შესახებ კი, რომლებიც სიტუაციას რევენ პანკისში, შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან კარგად იციან და ისინი გაანეიტრალებენ ამ ჯგუფებს კანონის შესაბამისად. 2-3 ადამიანის გამო სკანდალს ნუ შექმნით”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები