შალვა აბულაძე ბრალს არ აღიარებს – “მკვლელი თავისუფალია”

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა. ამის შესახებ №7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აბულაძის ადვოკატმა, არჩილ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი მკვლელობა არ ჩაუდენია და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ პოლიციას დაკავების დროს წინააღდეგობას უწევდა. ადვოკატის მტკიცებით, აბულაძემ იმ ადგილიდან, სადაც იმალებოდა, იარაღი და ხელყუმბარა ფანჯრიდან გადმოყარა და პოლიციას ჩაბარდა, მანამდე კი ჩაბარების გადაწყვეტილების შესახებ სამართალდამცველებისთვის აბულაძეს არ უცნობებია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შალვა აბულაძე მხოლოდ ბრალდების იმ ნაწილს აღიარებს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება.

„შალვა აბულაძე ამბობს, რომ ეკუთვნის აყვანის ადგილიდან ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. ადგილზე ამოღებული “გლოკის” სისტემის იარაღი მას არ ეკუთვნის. აბულაძე აცხადებს, რომ პოლიციელების თავდასხმაში, არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ მკვლელი თავისუფლებაზეა. შალვა აბულაძე, შეიძლება ითქვას, რომ ნაწამებია, დაკავების ოქმში კი მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერილი არ არის. მას ვიზუალურად ეტყობა სილურჯეები სახეზე და სხეულზე. ამ დრომდე გრძელდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არ გააჩნია ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ახლობლებს კი არ აძლევენ ამანათის შეგზავნის შესაძლებლობას”, – განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები