დღეს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ღამისთევის მსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა ჩატარდა. ტრადიციულად, პატრიარქის მსახურებას უამრავი მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრო.
ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც საქართველოში მომლოცველთა ჯგუფმა ჩამოიტანა. მსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილი პასქები და წითელი კვერცხები აკურთხეს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50 დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 23 თებერვალს დაიწყო.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.