წმინდა ცეცხლს თბილისში 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ

როგორც აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში აცხადებენ, წმინდა ცეცხლს მომლოცველები თბილისში თელ-ავივიდან 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ.
წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. ამის შემდეგ ცეცხლს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი 15:16 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15.14 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხირეკს, ასევე – ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15:16 საათზე გადმოვიდა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან , მათ შორის, საქართველოდანაც ჩავიდნენ.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ.
როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები