თეა წულუკიანმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში დეკორატიული ხის ჯიშების ─ იფნისა და საპნისხის, ნერგები დაირგო.
“საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა; პროცესში მოსახლეობის ჩართულობა კი სოფლის მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, თავად იზრუნონ საზოგადოებრივ ცენტრებზე, რომლებიც მათ, 200-ზე მეტი სერვისის გარდა, შეკრებებისა და შეხვედრებისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობს.
დღეისათვის უკვე დასრულებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების მანგლისისა და კოდის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვრის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანება, უახლოეს ხანში კი სოფელ ფოკას საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანების აქციაც მოეწყობა”, – აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 120 ნერგი (იფანი და საპნისხე) შპს “საქართველოს ნერგებმა” საჩუქრად გადასცა.