შალვა აბულაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება
საქალაქო სასამართლოში დღეს ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის პროცესი გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის დადასტურების შუამდგომლობით მიმართა. პროცესი 13.00 საათზე დაიწყება.
აბულაძის ადვოკატის თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, შსს-ს განყოფილებაში აბულაძის მიმართ ბრალის დაზუსტება მოხდა და ასევე ორი მკვლელობის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა. “შალვა აბულაძეს წადგენილი ჰქონდა 109-ე მუხლი, მოხდა ბრალის დაზუსტება და აღნიშნული მუხლი შეიცვალა 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. დღეს ორი მკვლელობის საქმე გაერთიანდა და ერთ საქმედ გარდაიქმნა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში სხდომა დღეს ჩატარდება”, – განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, შალვა აბულაძე სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ოპერაცია ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა.
დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.
შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.