შსს შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შსს შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. “კვირა” უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპერციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.
დაკავებული შალვა აბულაძე იძებნებოდა პოლიციელების – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის და შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი მახარაშვილის და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილის დაჭრის ფაქტზე.
შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები