პროკურატურა პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრის, ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. ამასთან, საგამოძიებო უწყება პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირის შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“2015 წლის 04 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით. შეჩერების მოწოდებისთანავე, ზემოაღნიშნულმა მოქალაქემ გახსნა ცეცხლი მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით მოთავსებული იქნა N1 კლინიკურ საავადმყოფოში.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა. იგი 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
2015 წლის 05 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, ეს უკანასკნელი შემჩნეულ იქნა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შ.აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ვ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები