შსს-ს მახლობლად პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. ძებნა მიმდინარეობდა ჯავახეთის ქუჩაზე და ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, საცხოვრებელ კორპუსებში. ძებნას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, ასევე, საგამოძიებო სამსახური, კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები