სამართალდამცველები პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ
შსს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ადგილზე დასაქმებული პირების ევაკუაცია მოხდა და სამძებრო სამუშაოები ჩატარდა.
სამუშაოებს ადგილზე შეიარაღებული სპეცრაზმი აწარმოებს. ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები ჯავახეთის ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც გუშინ შემთხვევა მოხდა. შეიარაღებული სპეცრაზმის წევრები ადგილზე არსებულ ობიექტებს ამოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ვარკეთილში მოხდა. შსს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.