შსს პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.