ადვოკატი: ხარძიანის მკვლელის გადაადგილების მარშრუტი დადგენილია, ნებისმიერ დროს შეიძლება საქმე გაიხსნას

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა, ვინაიდან „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხარძიანის დაკრძალვაზე პროკურატურამ ოჯახის წევრებისგან 3-დღიანი ვადა მოითხოვა საქმის გასახსნელად. მესამე დღე კი ხვალ სრულდება.
ბესო ხარძიანის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეში არსებულ ეჭვმიტანილთა წრე შევიწროვდა, დასრულებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ფირების გაშიფვრა, რასაც ის მოწმეები ნახავენ, რომლებმაც მკვლელი დაინახეს.
სალაყაიას თქმით, ჩაფხუტზე არსებული დნმ-ის იდენტიფიცირება გრძელდება და ფოტორობოტზე მუშაობაც დასრულებულია. დაკითხულია ყველა მოწმე და დადგენილია მკვლელის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტიც.
„ეჭვმიტანილების სია ვიწროვდება და კონკრეტულად დანაშაულის ჩამდენი პირისა, აღნიშნულ პირს ჰყავს თვითმხილველები. არ არის გამორიცხული, ამ წუთებშიც გაიხსნას საქმე. დასახელებული ვადის, დაკრძალვიდან მესამე დღე არის ხვალ. ამდენად, დაველოდოთ იმ შეპირებულს, რაც ითქვა გამოძიების მწარმოებელი ორგანოსგან და ალბათ, მათ ამის თქმის საფუძველი აქვთ. რამდენად კავშირშია ქონების წართმევასთან ბესარიონ ხარძიანის მკვლელობა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვერსიაა, რაზეც გამოძიება მუშაობს“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები