კახა კალაძე: უდესიანი არჩევნებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ყოფილა

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში გია უდესიანისა და ირაკლი შიხიაშვილის შესახებ განმარტებებს აკეთებს. კალაძის მტკიცებით, გია უდესიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ყოფილა.
“რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩართული გახლდით ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა. ცოტა უხერხულია იმ თემაზე საუბარი, რაც არ ყოფილა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთანავე, ვიცე-პრემიერი საარჩევნო სიაში ირაკლი შიხიაშვილის ვინაობას ადასტურებს.
“ვადასტურებ, შიხიაშვილთან მიმართებაში იყო საუბარი, რომ მას ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რისი წინააღმდეგიც წავედი. ჩემი აზრით, ის პიროვნებები, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ, არ უნდა მოხვედრილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში და მათ პარტიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მოვახსენე პრემიერს, ის დამეთანხმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ მოხვედრილიყო სიაში”, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ირაკლი შიხიაშვილი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიის მე-7 ნომრად გია უდესიანი მოიაზრებოდა. კილაძის ინფორმაციით, ამ შეხვედრას დროს „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანიც ესრებოდა. თუმცა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო ჩართვისას, შეხვედრა ვერ გაიხსენა. თუმცა, კილაძის ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები