მინდია ჯანელიძე: მემორანდუმი არ გასაჯაროვდება, მსგავსი დოკუმენტები გასაჯაროვებას არ ექვემდებარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმი არ გასაჯაროვდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა “მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა.
“მემორანდუმი არ გასაჯაროვდება, მსგავსი დოკუმენტები გასაჯაროვებას არ ექვემდებარება არცერთ ქვეყანაში და არცერთ ნორმალურ საზოგადოებაში. ის რაც უკვე გახდა ცნობილი, არ იყო ფართო სამსჯავროზე გამოსატანი. არმგონია, რომ სწორი იყოს მემორანდუმის თუნდაც დოკუმენტების მცირე ნაწილის ღიად და საჯაროდ განხილვისთვის საჯაროდ გამოტანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამეს ვუმალავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროზე ადრე ამ საკითხებზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელისმოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები