საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დააკავეს

დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით, საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დააკავეს. დაკავებულია ეკიპაჟის კიდევ 6 წევრი. მათ ქალაქ კალამატას ციხეში უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.
როგორც ერთ-ერთი მეზღვაური, ლევან ჯინჭარაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, დალუქული კონტეინერები მონტენეგროდან წამოიღეს, რომელიც ლიბიაში უნდა გადაეტანათ, ხოლო კონტრაბანდული ტვირთის შესახებ მათთვის უცნობი იყო. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. დაკავებულები საბერძნეთში საქართველოს კონსულმა ნანა ჩაბრავამ მოინახულა.
“მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ მიესაჯათ წინასწარი პატიმრობა და ელოდებიან სასამართლო პროცესს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ. საკონსულო მისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, დახმარება აღმოუჩინოს უდანაშაულობის დამტკიცებაში”, – განაცხადა კონსულმა.
როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, გემთფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც იმალება. მეზღვაურების ახლობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამ ფაქტის შესახებ ბერძნული მედიაც წერს. მათი ცნობით, გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი გემით მეზღვაურებს 11 ათასამდე ყუთი თამბაქო გადაჰქონდათ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები