ჯოკია ბოდოკია დუმილის დარღვევას აპირებს
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაარღვევს.
როგორც ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, დაცვის მხარე აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ასევე, საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბოდოკიას დღევანდელ პროცესს, ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლოზე გაირკვევა, სადავო მტკიცებულებათა ჩამონათვალი და სხვადასხვა რიგი შუამდგომლობების დაყენება იგეგმება.
„ჯოკია ბოდოკიას პოზიცია არ შეცვლილა. დუმილის უფლებას კვლავ ინარჩუნებს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვისას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს და საკუთარ პოზიციას გააჟღერებს“, – განაცხადა ყავლაშვილმა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თებერვალში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბოდოკიამ, ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.