პროკურატურამ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ახალი მტკიცებულებები წარადგინა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ახალი მტკიცებულებები წარადგინა. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, მტკიცებულებები საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს და მისი გასაჯაროება არ მოხდება. დაცვის მხარემ პროკურატურის მასალების გასაცნობად გარკვეული დრო მოსთხოვა და დღევანდელი პროცესი სწორედ ამის გამო გადაიდო.
ბაჩო ახალაიას ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა, თუმცა ის კვლავ პატიმრობაში რჩება, რადგან სანდრო გირგვლიანის საქმეზე პატომრობა აქვს მისჯილი.
„სასამართლომ გააუქმა წინასწარი პატიმრობა. ეს უკვე მერამდენად ხდება, როდესაც პროკურატურა ვერ ასწრებს 9- თვიან ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენას სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ ბაჩო ახალაია 9 თვის განმავლობაში უკანონოდ იჯდა საპატიმროში, მაშინ, როდესაც თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ ვერც 9 თვეში და ვერც მომდევნო თვეების განმავლობაში ვერ მოესწრება ბაჩანა ახალაიას მიმართ განაჩენის გამოტანა“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადა 5 აპრილს ეწურებოდა. დღეს პროცესზე პროკურატურის ახალი მტკიცებულებების გასაცნობად დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 29 აპრილამდე გადადო. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მის ყოფილ მოადგილეს – ნიკა ძიმცეიშვილს და მეგის ქარდავას.