ქონებაწართმეული ბიზნესმენის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

შპს „კოლხი 21“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, აფხაზეთიდან დევნილი ნოდარ კორსანტია, რომელმაც რუსეთში საკუთარი ბიზნესი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა, ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას აგრძელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულმა ბიზნესმენმა და მისმა ადვოკატებმა საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
შპს „კოლხი 21“ ფოთში ორ კომერციულ ობიექტს – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაზრობას ფლობდა, სადაც 2 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მათ შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები და სოციალურად დაუცველები.
როგორც კორსანტია აცხადებს, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი აგრარული ბაზრის მიმდებარედ 2899 კვ.მეტრის შეადგენდა, ხოლო შიდა ფართი – 1885 კვ.მეტრს. რაც შეეხება მეორე ბაზრობის მიწის ნაკვეთის ფართობს, 2587 კვ.მეტრი იყო, შიდა ფართი კი 4765 კვ მეტრი. ობიექტის მთლიანი ღირებულება შეფასებული იყო 3 მილიონ ლარად.
„ორი ბაზრობის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დიდი ინტერესი იყო და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები პირდაპირ მაიძულებდნენ ბაზრის წილის გადაფორმებას. ჩემ მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის მუქარა და, შესაბამისად, მზად ვიყავი იმ შედეგისათვის, რა შედეგიც დადგა სახელმწიფო ორგანოების და მათი ჩინოვნიკების მიერ უკანონოდ განხორციელებული სისტემური ქმედებების შედეგად. 2010 წელს ფოთის აგრარულ ბაზარში საგადასახადო სამსახური შევიდა და ბაზარი 259 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზად დასახელდა ის, რომ, თითქოსდა, არ ხდებოდა ჩეკების საფუძველზე მოვაჭრეების იდენტიფიცირება (ხელმოწერა). რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნულ თანხას უკანონოდ დაერიცხა ასტრონომიული საურავები, რაც, ჩვენი გაანგარიშებით, ხელოვნურად იყო გაზრდილი და მიაღწია 900 000 ლარამდე. არადა, შემოწმების აქტი უკანონოა, რადგან ის შედგენილი იყო რამდენიმე ფიზიკური პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე და არ ემყარება საწარმოს რეალურ შემოსავლებს“, – აღნიშნა ნოდარ კორსანტიამ. ადვოკატმა გიორგი ქიშმარიამ კი დოკუმენტაციაც წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს მტკიცებულებები არ ერთვის.
გიორგი ქიშმარია: „საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილი იყო ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის გარეშე და მას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება. საწარმოს დაჯარიმება ეფუძნება 6 პირის ახსნა-განმარტებას, რომელიც მათ ზეწოლის ქვეშ მისცეც და შემდგომ საკუთარი ახსნა-განმარტებები უარყვეს, რომელიც სანოტარო წესითაც დაამოწმეს.“
როგორც დაზარალებული მხარის ადვოკატები აღნიშნავენ, რადგანაც დაზარალებული პირი შემოსავლების სამსახურის და პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, შემოსავლების სამსახურს მორიგება შესთავაზეს.
„ვთავაზობდით ჯერ 250 ათასი ლარის, შემდეგ 300 ათასი ლარის და ბოლოს, 350 ათასი ლარის გადახდას, თუმცა სახელმწიფოს მიზანი იყო, წაეღო ქონება, რომლის ღირებულება მათი აუდიტის დასკვნის შესაბამისად, 3 მილიონამდე ღირებულ ქონებას წარმოადგენდა, კერძო აუდიტის დასკვნით კი – 5 მილიონზე მეტს. მათ 900 000 ლარის ნაცვლად, რომელიც ჯარიმის სახით დაგვეკისრა, 5- მილიონიანი ქონება წაიღეს“, – აღნიშნა ქიშმარიამ „კვირას“ პრესკლუბში.
დაზარალებულმა მხარემ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს პროკურატურის შესაბამის დეპარტამეტს მიმართა და სქმის გამოძიება და კომპენსაცია მოითხოვა. გარდა აღნიშნულისა, მასალები და მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნეს და სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. „ვითხოვთ სამართლიანად ზიანის ანაზღაურებას. ფაქტია, სახელმწიფოს გადაეცა სამი მილიონის ღირებულების ქონება, უკანონოდ ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, ფაქტია, „კოლხი 21“ დაჯარიმდა 259000 ლარით საგადასახადო ორგანოს მიერ, ხოლო სახელმწიფომ მიიღო სამი მილიონის ქონება ისე, რომ არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში ამაზე შეკითხვები არ გასჩენიათ. მნიშვნელოვანია, დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭესშარიტება და გამოვლინდეს ის პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკრეტულ საქმეში. საქმეშია მთელი რიგი პირთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა შეთანხმებულად და ახდენდა ჩემი ორგანიზაციის გაკოტრებას. ასევე გამოძიებას მივაწვდი ინფორმაციას იმდროინდელი ჩინოვნიკების მიერ ჩემს დაბარების ფაქტს რესტორანში თუ სხვა ობიექტებზე, სადაც პირდაპირ მეუბნებოდნენ, თუ რა სამართლებრივი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებოდი მომავალში“, – აცხადება დაზარალებული ბიზნესმენი.
როგორც ბიზნესმენის, ისე ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არაერთი ჩინოვნიკის ინტერესი იკვეთება და სწორედ მათი მონაწილეობით ხდებოდა ნოდარ კორსანტიას გაკულაკება.
„ძალიან მნიშვნელოვანია „კოლხი 21“-ის საქმეში ფოთის ყოფილი მერის და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ლემონჯავას პირდაპირი ხელისშეშლა და აქტიური ჩარევა ბაზრის შიდა საქმეებში, კერძოდ: ქალაქის ხელმძღვანელობა თავად უთითებდა სადამსჯელო ორგანოებს, ვისგან შეიძლებოდა ფულის „გამოძალვა“ და ამ გზით ბიუჯეტის შევსება. გაკოტრების პირას მისულს რაღაც სრულიად უაზრო მშენებლობის დაწყებაც დამავალეს. სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მქონდა, რომლის მეორე და მესამე სართულები ცარიელი იყო, ლემონჯავა კი მაძალებდა, კიდევ ახალი სამსართულიანი შენობის აშენებას მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის ფოთში გამოვლის თუ გადმოფრენის შემთხვევაში მას გაკეთებული ფასადი ან ახალი სახურავი ენახა და იძულებლი გავხდი, ლემონჯავას ეს კაპრიზი შემესრულებინა“, – აცხადებს ნოდარ კორსანტია.
დაზარალებული მხარე დარწმუნებულია, რომ საქმის ძიებისას არაერთი ჩინოვნიკის ინტერესი გამოიკვეთება და ყველას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები