“ევროპული საქართველო აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო გარანტია იქნება”

ევროპული საქართველო აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო გარანტია იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო აღიარებს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც, მისი თქმით, დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება.
“ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას -ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას. სადავო საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მზაობა დაფიქსირებულია. საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური უფლებების რეალიზების. საქართველო აღიარებს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება. იმავდროულად საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და აგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას. ამ ფუნდამეტზე შეიქმნება ეროვნული პლატფორმა, რომელშიც აუცილებლად აქტიურად უნდა ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, რისთვისაც ვფიქრობ კარგი იქნება განვრცობილი ფორუმის ორგანიზება.
“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები