მინდია ჯანელიძე: საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია

ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ საჰაერო თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ვადა ეწურება, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვადა არ ეწურება. მისი თქმით, პროცესი ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს.

“პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, მინდა გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს წარმატებით, ყველა ნაბიჯი, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება და კიდევ დავამატებ, რომ რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე და რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება ქვეყნის თავდაცვის ინტერსები”, – განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, მსგავსი ხელშეკრულება რომ ყოფილიყო, მოაწერდა თუ არა თავად ხელს, მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, მოაწერდა. თავდაცვის მინისტრმა ინსინუაციები უწოდა ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჰაერო სტრატეგიასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ხედვა არის შეცვლილი.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის საჰაერო შესაძლებობების განვითარების კუთხით, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მით უმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებზე საუბარს. ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები