საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომდგენლებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომდგენლებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. აღნიშნული შეხვედრის თემა – „საქართველო-ევროკავშირი: ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მთავარი გამოწვევები“ იყო. შეხვედრა სასტუმრო ამბასადორში ჩატარდა.
ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების, ასევე, საქართველოს 2014-2017 წლების ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმები მომხსენებლებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ წარადგინეს. სავიზო დიალოგზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტების მიერ საგარეო კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა არის ჩვენი ქვეყნის უცვლელი კურსი. ევროპარლამენტთან თანამშრომლობის ფორმატზე, მექანიზმებსა და გამოწვევებზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, ვიქტორ დოლიძემ და დავით დარჩიაშვილმა ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებზე, რომელიც მონაწილე ქვეყნებისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციას, ეკონომიკურ ინტეგრაციას, სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. როგორც აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ისე მრავალმხრივ თანამშრომლობას და გამოცდილების გაცვლას სხვა მონაწილე ქვეყნებთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე.
როგორც კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ, ისინი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის სწრაფვას და ინტეგრაციას გულისხმობს, საერთო პოზიცია აქვთ.
გარემოს დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, მიმართულებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძემ და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა ისაუბრეს. ჟურნალისტების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული ინტერესის გამო უახლოეს დღეებში აგრარულ სკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა დაიგეგმა, სადაც მეტი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი უფრო სიღრმისეულად განიხილონ და 2015-2020 წლებისათვის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გაეცნონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობასა და სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს.
ჟურნალისტებმა მედიასაშუალებების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს. მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით პარლამენტის სამომავლო გეგმები ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ბერაძემ გააცნო.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
გასვლით ღონისძიებაში 25 წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომის წამყვანმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბერძენიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს საინტერესო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები