პროკურატურამ ხარძიანის მეგობარი დაკითხა: ბიზნესის წამოწყება გვინდოდა
პროკურატურაში ბესიკ ხარძიანის მეგობარი კანდიდ კვიციანი დაკითხეს. იგი გამოძიების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა. კვიციანი ბიზნესმენს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ესაუბრა. მან საგამოძიებო უწყებას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ის ხარძიანს შეხვდა, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანი და ხარიძანის კიდევ ერთი მეგობარი. მისი თქმით, შეხვედრაზე ერთობლივ ბიზნესზე ისაუბრეს. როგორც კანდიდ კვიციანი ამბობს, ის ხარძიანთან და ემზარ კვიციანთან ერთად აპირებდა სამშენებლო კომპანიის შექმნას.
“ერთობლივი ფირმის გაკეთება გვინდოდა. თქვა, რომ რამე ბიზნესი მინდა წამოვიწყოო, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთო“, – აცხადებს კვიციანი.
მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა მეოთხე პირი – ზურა, რომელიც ხარძიანის მეგობარი იყო.
,,გვარი არ მახსოვს ზურასი, მისი მეგობარი ბიზნესმენი იყო და სამომავლოდ ვფიქრობდით მის დირექტორად დანიშვნას”, – ამბობს კვიციანი.