ბესო ხარძიანის შვილმა პროკურატურის შენობა დატოვა
გარდაცვლილი ბესო ხარძიანის შვილმა ქეთი ხარძიანმა პროკურატურა უკვე დატოვა. ქეთი ხარძიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ აღნიშნა, გამოძიებას კითხვები იმასთან დაკავშირებით ჰქონდა, თუ რა შეიძლებოდა სცოდნოდა დანაშაულის შესახებ გარდაცვლილის შვილს. ადვოკატის თქმით, ვერ დაადასტურებს იმას, რომ შვილს მოთვალთვალე პირის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.
“ამ ეტაპზე ამას ვერ დავადასტურებ, გამოძიებას გააჩნია თავისი ვერსიები, აქედან გამომდინარე, რაიმეს თქმას გამოვრიცხავთ, ვერ გავაფრთხილებთ სავარაუდო დამნაშავეს და ხელს ვერ შევუშლით გამოძიებას”, – განაცხადა ადვოკატმა.
ბესო ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.