ემზარ კვიციანი ბესო ხარძიანის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც კვიციანმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, გამომძიებლებს კითხვები იმასთან დაკავშირებით ექნებათ, თუ რაზე ჰქონდა საუბარი მას ბიზნესმენ ბესო ხარძიანთან, რომელსაც გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე შეხვდა.
კვიციანის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ემზარ კვიციანი ხარძიანის უახლოესი მეგობარი იყო. მისივე თქმით, კვიციანი ხარძიანთან საუბრის დეტალებზე გამოძიებას ინფორმაციას მიაწვდის. რაც შეეხება საუბრის დეტალებს, არც კვიციანი და არც მისი ადვოკატი აღნიშნულს არ აკონკრეტებენ.
ემზარ კვიციანმა რესპუბლიკურ სავადმყოფოსთან განაცხადა, რომ ხარძიანის მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა და საუბრის თემა სამომავლო გეგმები იყო. მისი თქმით, ისინი აპირებდნენ ერთად გაეძლიერებინათ საზოგადოებრივი საქმიანობა, კერძოდ, ერთად ყოფილიყვნენ “პატრიოტთა ალიანსში”.