„მივესალმები, თუ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდაზე ისაუბრა. მან გაეროში ქალთა სტატუსის შესახებ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრმა, დეპუტატმა და ქალმა პრეზიდენტებმა მსოფლიოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
გუგული მაღრაძის განცხადებით, აუცილებელია ქალთა პროცენტული მაჩვენებელი პოლიტიკურ ცხოვრებაში გაიზარდოს და 30%-ზე მაინც ავიდეს.
„ამ ქვეყანაში 51% ქალი ცხოვრობს, გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება მთელ ქვეყანას, ქალთა ინტერესებიც უნდა აისახოს და თუკი არ არის წარმომადგენლობითი მათი რაოდენობა, ეს სრულყოფილი არ არის. მამაკაცისა და ქალის ხედვა ხშირად განსხვავებულია და შეიძლება ცალმხრივი იყოს მიღებული გადაწყვეტყილება. 2015-2020 წლამდე გაეროს ერთ-ერთი გამოწვევაა სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერულ თანასწორობას. ღარიბ მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნაწილი ქალები არიან, ეკონომიკა, ბიზნესი და სხვა მამაკაცის პრიორიტეტებია. ამიტომ ეს გაეროს მხრიდან აქცენტირებულია. მეორე გამოწვევა ქალებისა და გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემაა, რომ მათ დასაქმება შეძლონ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
გუგული მაღრაძემ საქართველოში სუსტი სქესის მეტად გასაძლიერებლად ქალი პრეზიდენტი ისურვა. დეპუტატის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს წარადგენს.
„თუ ქალი პრეზიდენტი გვეყოლება და ასეთი ტენდენციები იქნება პოლიტიკაში, მაშინ მეტი დემოკრატია, მეტი დიპლომატია იქნება. ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება და მივესალმები, თუ ქალი პრეზიდენტი გვეყოლება“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები