მეუფე შიო – აბორტებზე: დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები

“ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები – შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.

„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია.

ამ მხრივ, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი. ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ, ალბათ, დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ ამ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად და ა.შ. ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს ეს აუცილებელია“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები