„ვინმეს შეიძლება ბიზნესდამოკიდებულებები ჰქონდეს ევრაზიულ ქვეყნებთან, მაგრამ საქართველო ამისთვის პოლიტიკურ ორიენტაციას ვერ შეიცვლის“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მისი ის კოლეგები გააკრიტიკა, რომელთაც ქვეყნის საგარეო გაცხადებული კურსის საწინააღმდეგო განცხადებები საჯაროდ გააკეთეს.
მაღრაძის განცხადებით, „მრეწველებს“ შესაძლოა, ბიზნესის კუთხით ევრაზიული კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდეთ, მაგრამ ბიზნესის განვითარების გამო, ქვეყენა პოლიტიკურ ორიენტირებს ვერ შეიცვლის.
„საქართველომ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი გზა ნატოსთან დაახლოება და ევროპასთან ინტეგრაციაა. ამ გზაზე ჩვენ წარმატებით მივდივართ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუმცა ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რაც არ უნდა ვუკაკუნოთ ნატოს კარებს, ნატომაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი მიღება. საერთაშორისო ვითარების გამო ეს დღეს და ხვალ დღის წესრიგში არ დგას. ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას ბევრი ევროპული ქვეყანა მხარს არ უჭერს, ამიტომ ბევრს გააკეთებს თუ ცოტას, მათი პოზიცია ასეთია, რომ არ გაფართოვდნენ. მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები, რომელიც ჩვენი გაცხადებული კურსის საწინაღმდეგოა, საჯარო სივრცეში ხელისუფლების წარმომადგენელმა არ უნდა გააკეთოს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე განვაცხადეთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი მართლა ევროინტეგრაციაშია. ცალკე საუბარი ამ თემაზე „მრეწველებთან“ არ მქონია. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი გამოცდილება ამ ქვეყნებთან ბიზნესის კუთხით ურთიერთობით, არის გარკვეული მომხიბვლელობა, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი არ არის პოლიტიკური კურსი შევიცვალოთ. უამრავი ქვეყანა ვიცით, რომელიც ერთმანეთთან არცთუ მეგობრულ ურთიერთობაშია, მაგრამ ეს ბიზნესაქტივობას ხელს არ უშლის. ევროინტეგრაცია და ევროპასთან ურთიერთობა ყველაზე პროგრესული ერთობაა, სადაც შეიძლება, რომ სახელმწიფოს სურდეს ყოფნა“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები