რას ელოდება თეა წულუკიანი რიგის სამიტისგან – დამაიმედებელი პროგნოზი

რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის საბოლოო მიზნისკენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბრიუსელიდან ჩართვისას რიგის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბოლოო მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა.

“ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რადგან ეს არ არის რიგის სამიტის ფუნქცია, რომ წელს მაისში გვითხრას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ხელში აქვს უსაფრთხო დოკუმენტები – ბიომეტრიული პასპორტი, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომ მათ შეეძლებათ, რიგის სამიტის მეორე დღესვე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმგზავრონ.
ეს არის მომდევნო საბოლოო გადაწყვეტილება, რაც არის საბოლოო მიზანი, მაგრამ რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირი იტყვის: დიახ, საქართველომ ჩაატარა რეფორმები, ის, რაც იყო მოთხოვნილი, როგორც ამას კულუარულად და სალაპარაკო ენაზე საშინაო დავალებები ეწოდება, როგორც ეს თავის დროზე მოლდოვამ გააკეთა და მისი მოქალაქეები ევროკავშირში უკვე უვიზოდ დადიან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე იტყვიან, რომ რეფორმები შესრულებულია, რომ საკანონმდებლო რეფორმების იმპლემენტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და რომ გზა ხსნილია უკვე ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადასახედიდან, რომ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა – საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ, პორტუგალიამ და სხვა ევროკავშირის წევრებმა ნელ-ნელა საქართველოს საზღვრები გაუხსნან და მოხსნან ვიზის რეჟიმი, ანუ ჩვენი მიმოსვლა უვიზო გახდეს, რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, ხოლო რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის ამ საბოლოო მიზნისკენ”, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები