თურქეთში საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს – რას ედავებიან დაკავებულებს

 თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. “კვირას“ ინფორმაციით, ისინი თურქეთიდან საბერძნეთში კანონის გვერდის ავლით ცდილობდნენ გადასვლას. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში “კვირას” განუმარტეს, საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მათივე ცნობით, შვიდივე მათგანი თურქეთის სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი.
“საქართველოს მოქალაქეები თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, თურქეთში საქართველოს საკონსულოს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდივე მოქალაქე ამჟამად თურქეთის სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, ისინი იქ რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. საკონსულო აწარმოებს მონიტორინგს, საქართველოს მოქალაქეები იქ ნორმალურ პირობებში იმყოფებიან, სადეპორტაციო შენობა აკმაყოფილებს სტანდარტებს“, – განუცხადეს “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის მოხდება დაკავებულების საქართველოში დეპორტაცია, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხი დაკავებიდან 10-14 დღის ვადაში წყდება ამიტომ, კონკრეტული თარიღს ვერ დაასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები