საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა

რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა თანამშრომლებსა და სამეურნეო სამსახურს შორის კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულს ხდის. სააგენტოში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონულად გაეცნონ, თუ რა სახის ინვენტარია მათთვის განკუთვნილი, გადაამოწმონ და შეადარონ მიღებული და მოთხოვნილი ინვენტარის მახასიათებლების თანხვედრა, დაადასტურონ მოთხოვნილი ნივთის მიღება და გაეცნონ აღნიშნული ინვენტარის მფლობელთა ისტორიას.
“ამას გარდა, პროგრამა სააგენტოს სამეურნეო სამსახურს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს, ვისზე რა ინვენტარია გაცემული, შეიტყონ, ვინ იყო ამა თუ იმ ნივთის მფლობელი, ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღონ ინფორმაცია ინვენტარის უკან დაბრუნების შესახებ და ასევე ელექტრონულად ჩამოწერონ აღნიშნული ნივთი. ამ დრომდე ინვენტარის აღწერა სააგენტოში სხვადასხვა ფაილებით ხდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში სრულყოფილ და რეალურ სურათს არ იძლეოდა. ერთიანი ბაზის შექმნის და პროცესის ავტომატიზების შედეგად მარტივდება სააგენტოში ამა თუ იმ ინვენტარის ადგილისა და მფლობელის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოძიება, ასევე ინფორმაციის მიღება, თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინვენტარი, ჩამოწერილია თუ ვინმეს მფლობელობაშია ის. ასევე შესაძლებელი ხდება გაცემული ინვენტარის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა ჭრილში მარტივად მოძიებაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები